GPS ნავიგატორები

GPS - GPS ეს არის ადგილმდებარეობის განსაზღვრის  გლობალური თანამგზავრული სანავიგაციო სისტემების (Global Position System) საყოველთაოდ მიღებული სახელწოდების აბრევიატურა.

გლობალური პოზიციონირების სიტემა (GPS) არის თანამგზავრული სანავიგაციო სისტემა, რომელიც მოიცავს 24 თანამგზავრისაგან შექმნილ ქსელს. ეს თანამგზავრები ორბიტაზე აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ გაიყვანა. თავდაპირველად GPS სამხედრო გამოყენებისთვის იყო გამიზნული, მაგრამ 1980-იან წლებში მთავრობამ სისტემა სამოქალაქო მიზნებისთვის გამოსაყენებლადაც ხელმისაწვდომი გახადა. GPS ნებისმიერი ამინდის პირობებში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, 24 საათის განმავლობაში მუშაობს. GPS-ის გამოყენებისთვის არ არის საჭირო რაიმე სააბონენტო ან საინსტალაციო გადასახადების გადახდა.

მუშაობის პრინციპი

GPS თანამგზავრები დედამიწას დღეში ორჯერ უვლიან გარს ძალიან ზუსტად განსაზღვრულ ორბიტებზე და სიგნალების მეშვეობით ინფორმაციას მის ზედაპირზე გადმოსცემენ. GPS მიმღებები იღებენ ამ ინფორმაციას და ტრიანგულაციის მეთოდის გამოყენებით მომხმარებლის ზუსტ ადგილმდებარეობას ადგენენ. GPS მიმღები ადარებს სიგნალის მიღების დროს თანამგზავრის მიერ მისი გადმოცემის დროს. დროში განსხვავება აძლევს GPS მიმღებს ინფორმაციას იმის შესახებ, რა მანძილითაა დაშორებული თანამგზავრი. ამის შემდეგ, რამოდენიმე თანამგზავრიდან მიღებული სიგნალებისთვის იგივე ოპერაციების განხორციელების შედეგად, მიმღებს შეუძლია დადგინოს მომხმარებლის ზუსტი ადგილმდებარეობა, რომელიც შემდეგ მოწყობილობის ეკრანზე გამოყვანილ ელექტრონულ რკაზე ფიქსირდება.

GPS მიმღებს სულ მცირე სამ თანამგზავრთან დაკავშირება სჭირდება, რათა გამოითვალოს ადგილმდებარეობის ორი განზომილება (გრძედი და განედი) და თვალყური ადევნოს მომხმარებლის გადაადგილებას. თუკი მიმღებს კავშირი ოთხ ან მეტ თანამგზავრთან ექნება, მას უკვე სამი განზომილების (გრძედი, განედი, სიმაღლე ზღვის დონიდან) დაფიქსირება შეუძლია. მას შემდეგ, რაც მოხდება მომხმარებლის ადგილმდებარეობის დაფიქსირება, GPS-ს უკვე სხვა მონაცემების გამოთვლაც შეუძლია. მაგალითად: სიჩქარის, აზიმუტის, მარშრუტის, გზის სიგრძის, დანიშნულების ადგილამდე მანძილის, მზის ჩასვლის და ამოსვლის დროის და ა.შ.